უპრეცენდენტო შემთხვევა, რომელიც რუსთავი 2-ის სასამართლოს მოჰყვა
რუსთავი 2-ის ძველ და ახალ მესაკუთრეებს შორის გაჩაღებულმა სასამართლო დავამ ქართული პოლიტიკა გააშიშვლა და პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუპირისპირა. ზოგი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს აკრიტიკებს, ზოგი კი პრეზიდენტ მარგველაშვილის. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული მინი-ბრიფინგის შემდეგ მეტრონომ.ჯი-მ გადაწყვიტა კომენტარისთვის პოლიტიკოსებს დაკავშირებოდა. ერთი ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიმართვა რეალურად ეკუთვნოდა მოსამართლე ურთმელიძეს, რომელსაც უშუალოდ მიჰყავს რუსთავი 2-ის საქმე. თავის მხრივ, ურთმელიძემაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის პირები არ უნდა ჩაერიონ სასამართლო საქმიანობაში. ასეა თუ ისე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ თუ ირიბად, პრეზიდენტი და მოსამართლე შუა პროცესის დროს, ერთმანეთს ესაუბრებიან, რაც შეიძლება უპრეცენდენტო შემთხვევადაც კი მივიჩნიოთ.
უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ მეტრონომ.ჯი-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ასეთმა გაუაზრებელმა განცხადებამ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები შექმნას. ამიტომ ამ საფრთხეების თავიდან აცილება ყველას პირდაპირი მოვალეობაა, მათ შორის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის.
“როდესაც მოსამართლესთან დაკავშირებით განცხადებებს ვაკეთებთ, განსაკუთრებით მაღალი სიფრთხილე გვმართებს. პირადად მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ გავაკეთო, არანაირი კომენტარი, რომ არ მოხდეს ჩემი განცხადების აღქმა, ვთქვათ რაიმე ტიპის ჩარევად. ამიტომ მივიმჩნევ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, როგორია ამ გადაწყვეტილების პათოსი, რამდენად არგუმენტირებული და მყარია იგი. ასეთმა გაუაზრებელმა განცხადებებმა შეიძლება გარკვეული საფრთხეები შექმნას. ამიტომ ამ საფრთხეების თავიდან აცილება ყველას პირდაპირი მოვალეობაა. მათ შორის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის. დღეს შესაძლოა ყველაფერზე ვიდაოთ და ვიკამათოთ, მაგრამ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის არანაირი საფრთხე არ არსებობს. ყველამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ასეთი ტიპის განცხადებებს შეიძლება მოყვეს”. – განაცხადა მიროტაძემ.
სამთავრობო გუნდის იმ წევრებს შორის, რომლებმაც პრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთეს კომენტარი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილიც იყო – მისი აზრით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ემსახურება.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, გარკვეული საფუძველი უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
პრეზიდენტის მიერ “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლისადმი გაკეთებულ მოწოდებას კი მინისტრი სასამართლო საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
“პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად? არავის აქვს უფლებს ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რას ნიშნავს “ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?” როგორც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ხისტი და ნაჩქარევი, როცა ის უნდა იყოს დასაბუთებული და თუ მას დასაბუთება აკლია, ამ შემთხვევაში მხარეს აქვს მისი გასაჩივრების უფლება”, – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
მეტრონომ ჯი ასევე დაუკავშირდა ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.
“პრეზიდენტის განცხადება შეფასებაა იმ ვითარების, რაც დღეს ქვეყანაშია. მთავარია რა ნაბიჯები მოყვება ამ ყველაფერს, რამდენად აქტიური იქნება პრეზიდენტი ამ პროცესში, რამდენად ჩაერთვება იგი სიტუაციის განმუხტვაში. ვხედავთ, რომ ქართული ოცნება, მიდის პირდაპირ ძალადობაზე, თბილისშიც, რეგიონებშიც და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ზოგადად ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული ნაბიჯების არა მარტო განცხადებების გაკეთება, არამედ ნაბიჯები იმისთვის რომ სიტუაციის განმუხტვა მოხდეს და რამენაირად შეჩერდეს ეს აგრესია, რაც ქართული ოცნების მხრიდან მოდის”. – განაცხადა ვაშაძემ
მეტრონომ ჯი: კალაძე და ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებენ… არ იყო ეს ზეწოლა?
გიორგი ვაშაძე: “ნუ, თინა ხიდაშელისთვის და კახი კალაძისთვის პრობლემა იმაში არ არის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იხილავს ამ საქმეს, არც იმაში ხედავენ პრობლემას, რომ პრემიერ მინისტრი ჰყავს ქვეყანას, რომელიც გამოდის და პირდაპირ ძალადობისკენ და პიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ, ისინი არიან ჩვეულებრივი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, რომელიც ძალიან სამწუხაროა.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, “ნაჩქარევი და ხისტი” გადაწყვეტილება არ მიიღოს.
“მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.