ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც 19 ივნისის მომხდარ მოვლენებს იხსენებს. ჩვენებას ტვ “პირველი” ავრცელებს.
11 აგვისტოს მიცემული გარდაცვლილის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას გიორგისტან კონტაქტი მისი მეგობრის, გური ამირხანაშვილის საშუალებიტ ჰქონდა, ვინაიდან თავად გიორგის მობილური ტელეფონი არ გააჩნდა. შალვაშვილი ჩვენებაში წერს, რომ შვილს თორმეტ საათზე ესაუბრა.
„2020 წლის 18 ივნისს სახლიდან გავედი დაახლოებით, 10:30 საათისთვის. ამ დროს გიორგის ისევ ეძინა, მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდეგ გიორგი აღარ მინახავს.
სანამ გიორგი დაბადების დღეზე წავიდოდა, მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე, სალონში. შემდეგ, რადგან გიორგის ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს. დაახლოებით, 20:00 საათისთვის და ვკითხე, წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე. გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, იყო დიდუბის მეტროსთან, ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე. ამის შემდეგ დაახლოებით, 00:00-საათისთვის დავრეკე კვლავ გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, რა დროსაც ვესაუბრე გიორგის, თუ როდის მოვიდოდა სახლში, რაზეც მითხრა, რომ დილით დაბრუნდებოდა. ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. გიორგი მესაუბრებოდა ჩვეულებრივ, საუბარში არანაირი აღელვება, შეშფოთება, ნერვიულობა ეტყობოდა. მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით“, – იხსენებს თამარ შალვაშვილი.
ჩვენების მიხედვით, დედამ გიორგის გაუჩინარების შესახებ გური ამირხანაშვილისგან 19 ივნისს, გამთენიისას გაიგო.
“დაახლოებით, 07:00 საათისთვის სახლში დარეკა გურამ ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული. ვუთხარით, რომ გიორგი სახლში დაბრუნებული არ იყო. მან მითხრა, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რის გამოც დაიმალა და ამის შემდეგ ვეღარ ნახა გიორგი. ამაზე ძალიან გავნერვიულდი. ჩემს ქალიშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან და ოლეგ გოგოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგი სმოსაძებნად.
პარალელურად, ყველამ დავიწყეთ ძებნა გიორგის სამეგობროსა და სანაცნობოში. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადგილი, სადაც ბოლოს გიორგი ნახა. თავდაპირველად მივედით დაბადების დღის ადგილას, შემდეგ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ის ადგილი, სადაც თავად დაიმალა და ადგილი, საითაც დაინახა, რომ გიორგი გარბოდა. აღნიშნულ პერიმეტრზე გიორგის ძებნა დავიწყეთ, ვფიქრობდი, რომ ჰქონდა რამე ტრავმა მიღებული და ხმამაღლა ვეძახდით. ამავდროულად, 112-შიც განვაცხადეთ ბავშვის დაკარგვის შესახებ. ამის შემდეგ ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებრო სამუშაოები“, – წერს თამარ შალვაშვილის ჩვენებაში.
ცნობისთვის, ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.