გაჩნდა ტელეფონი, რომლითაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” და მისი მეგობარი გური ამირხანაშვილი სარგებლობდა. სკანდალური მიმოწერა და ახალი მტკიცებულება 19 წლის ფეხბურთელის საქმეში “მთავარ არხმა” მოიპოვა. როგორც წყარო ყვება, ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. მათივე ცნობით, ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა.
მიმოწერიდან ვიგებთ, რომ ამირხანაშვილმა მათთვის არ უნდა დაერეკა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაეგზავნა. “მთავარმა არხმა” ნომრები გადაამოწმა და ეს ნომერი დღემდე გაფორმებულია და ეკუთვნის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას. თუმცა წყარო არ ამბობს, რომელ სამსახურსა და რომელ უწყებას ეკუთვნის ეს ორი ნომერი, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ბოლო 2 რიცხვით განსხვავდება.
რაც შეეხება მიმოწერას, ამირხანაშვილი ყველა იმ დეტალს ეუბნება, რომელიც ბოლო პერიოდში შაქარაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ესემეს მიმოწერა 10 აგვისტოდან იწყება.
მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.
ამირხანაშვილი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს და წერს, რომ საკმაო სტრესშია და ვეღარ გაიგო რა ილაპარაკოს და ამბობს, რომ მოძღვართან უნდა საუბარი.
გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.