ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო გარემოს ანალიზს აქვეყნებს.
როგორც გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული, სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობას საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეუძლია.
მათივე განცხადებით, პანდემიის ფონზე, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი უფრო რთული იქნება.
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი, რომელიც საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების,მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე გამართულ ჩაღრმავებულ ინტერვიუებს ეყრდნობა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. წინამდებარე ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია; კამპანიის გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია; გენდერი და ნაკლებადწარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა; ასევე, კოვიდ-19-ის ზეგავლენა. ინსტიტუტს წინასაარჩევნო პერიოდში ეყოლება გრძელვადიანი ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ანგარიშში წარმოჩენილ ძირითად თემებს მთელი საარჩევნო პროცესის მანძილზე სიღრმისეულად შეისწავლიან. ამას გარდა, შესაძლოა, NDI-მ წინასაარჩევნო პერიოდში დამატებითი ანალიზი და რეკომენდაციები გამოაქვეყნოს. არჩევნების შემდეგ NDI საარჩევნო პროცესების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობას საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეუძლია. ისინი შიშობენ, რომ ეს უფლებამოსილება, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იქნას გამოყენებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ბუნდოვანი წესები და მომავალ კვირებში ვირუსის ხელახლა გავრცელების საშიშროება საარჩევნო კამპანიის პროცესზე და ამომრჩეველთა აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედებს. მხარეები ზოგადად თანხმდებოდნენ, რომ არსებული კანონების კეთილსინდისიერი აღსრულება ისეთივე მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ნებისმიერი დამატებითი მარეგულირებელი ან საკანონმდებლო რეფორმა.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეებმა 2017 წლის ადგილობრივი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკომ ახალ საარჩევნო სისტემასთან შესაბამისობის მიზნით პროცედურებში ცვლილებები შეიტანა და კომისიის წევრების გადამზადების, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით ამბიციური გეგმები შეიმუშავა. ცესკოს ცნობით, მათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირების დეტალური გეგმა გააჩნიათ, რათა არჩევნების დღეს ამომრჩევლების, კომისიის წევრებისა და საარჩევნო უბანზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოება დაცული იყოს. ცესკოს განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა თავი შეიკავონ ამომრჩევლების მოსყიდვისგან, დაშინებისა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
„სიძულვილის ენა“ აქ განიმარტება როგორც შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი გამოხატვის ფორმა, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფისაკენ, როგორიცაა გენდერული იდენტობა, ეთნიკური წარმოშობა, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ასაკი, ან ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა. სიძულვილის ენა მხოლოდ კრიტიკული ან უარყოფითი გზავნილების გავრცელებას არ გულისხმობს.
ბოლო არჩევნების დროს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია (IACFF) ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობდა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის დასამტკიცებლად ამ უწყებას კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა ასჭირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც მათი მანდატი დავიწროვდა, კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის ფუნქცია კი გაძლიერდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს და შიშობენ, რომ მათ კვლავ არათანაბარი წვდომა ექნებათ სესხებსა და შემოწირულობებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა NDI-ის განუცხადა, რომ დაუსჯელობის პრევენციას სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტური აღსრულება უზრუნველყოფს. დარღვევების მიმართ მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირების უზრუნველსაყოფად სამინისტრო სამართალდამცავ ორგანოებში ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. საზოგადოების საფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღნიშნულ უწყებებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვანი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ ნდობის გასამყარებლად.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა NDI-თან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და ამისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ცვლილებებსაც გაატარებენ. აღნიშნული განცხადება მისასალმებელია, თუმცა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად ამას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს.
წინა არჩევნებზე, გარკვეულმა საჯარო პირებმა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია სცადეს. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, ეს გამიზნული ტაქტიკა იყო, რათა ყურადღება საარჩევნო ხარვეზებიდან სხვა საკითხებზე გადაეტანათ. ისინი შიშობენ, რომ ეს პრაქტიკა მომავალ არჩევნებზეც გაგრძელდება.
პანდემიის ფონზე, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი უფრო რთული იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ აქტივობის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორებიცაა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო (PMMG) და მედიის განვითარების ფონდი (MDF), თავიანთი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ” – ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს ანალიზიში.

