“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე, რომელსაც სამეგრელოში, კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას უკავშირებენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ სპორტსმენების მობილიზებას ცდილობს” – ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, კონსპირაციულ შეხვედრაზე არეშიძემ მკლავჭიდელებს საარჩევნო მოქმედების გეგმა უკვე გააცნო. ამის შესახებ “ფორმულას” წყარო უყვება.
“ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში არეშიძე სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი “მეგობრული” იყო და ყველა თემას, მათ შორის პოლიტიკასაც შეეხო. შეხვედრის შინაარსზე საუბარი არ სურთ მკლავჭიდელებს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი პოლიტიკურად გაკოტრებულია და საარჩევნოდ მხოლოდ ძალადობის იმედი აქვს.