მთავარი საზოგადოება

სიკვდილის მოსაწვევი სირიიდან

როგორ ხვდებიან პანკისელი ბავშვები ტერორისტთა რიგებში

ომარ ალ-შიშანის სახელით ცნობილი ISIS-ის საველე მეთაური, 29 წლის პანკისელი თარხან ბათირაშვილი მსოფლიოში ოთხ ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტთაგან ერთ-ერთია, მაგრამ არა ერთადერთი, ვინც პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად წავიდა. ალ-შიშანის საქვეყნოდ არც თუ ისე პოზიტიურად ცნობილი სახელი პანკისელი ახალგაზრდების სირიაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზია. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი – ცხოვრების დონე პანკისის ხეობაში, ისევე როგორც ზოგადად ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ნამდვილად არაა.

ამბავს, რომ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის არასრულწლოვნები, სირიაში გადადიან და იქ ტერორისტების რიგებს უერთდებიან, არასოდეს გამხდარა არც პოლიტიკოსების და არც მედიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. მედიაში ძირითადად თარხან ბათირაშვილზე წერენ – ამას ალბათ ომარ ალ-შიშანის ქარიზმატულობა და მისი ცხოვრების ამბავი განაპირობებს, რომლის მიხედვითაც თავისუფლად დაიწერება ჰოლივუდური ფილმის სცენარი. მაგრამ თარხან ბათირაშვილის სირიული დიდების მიღმა გაცილებით სერიოზული პრობლემა დგას და ეს პრობლემა აქვეა, საქართველოში. ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც რეგულარულად მუშაობს პანკისის ხეობიდან  ახალგაზრდების წასვლის თემაზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრია. გუშინ ICK-ს ვებგვერდზე კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, თუ როგორ ეპატიჟებიან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს „ისლამურ სახელმწიფოში“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სირიაში წასული პანკისელები კომუნიკაციას  ძირითადად „WhatsApp“–ით და სოციალური ქსელებით ამყარებენ. არასრულწლოვნების გადაბირების მიზნით ისინი საღვთო ომში მონაწილეობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ერთ–ერთი მიმოწერიდან, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, ცნობილი ხდება, რომ პანკისის ხეობაში მინიმუმ ორი პირია, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების თურქეთში გაგზავნას, იქიდან კი სირიაში გადაყვანას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით. პანკისის ხეობის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეს, უკვე ერთ თვეზე მეტია სირიაში წასვლას სთავაზობენ. „მწერს, რომ ეს საღვთო ომია და აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ცდილობს დამარწმუნოს, რომ ჩვენი სიცოცხლე გაწერილია და რაც გვიწერია, იმას ვერ ავცდებით. ღვთის წინაშე კი მართლები უნდა წარვდგეთ. ასევე, მწერს, რომ სირიაში უკეთესი პირობებია ვიდრე პანკისში, იქ ახალგაზრდები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ბრძოლას სწავლობენ, წინსვლის შანსი აქვთ. ოჯახებიც ჰყავთ“, – ამბობს რესპოდენტი. (არასრულწლოვანთან კახეთის საინფორმაციო ცენტრის საუბარი მისი მშობლების თანხმობით და კონფიდენციალობის პირობის დაცვით შედგა. რესპოდენტის შესაძლო იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, სოფელი და სკოლა დასახელებული არ არის).

ეს პირი ვინც გწერს, დიდი ხანია პანკისიდან სირიაში წავიდა?

– რამდენიმე თვე იქნება. მას კარგად ვიცნობ. ვიდრე აქ იყო, ურთიერთობა გვქონდა.

როგორ მოხვდა  სირიაში?

– ზუსტად ასე, ისიც დაარწმუნეს, რომ წასულიყო.

შენი კლასელების, მეგობრების გადაბირებასაც ცდილობენ?

– კი. აქაც ეწევიან აგიტაციას.

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ბოლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის აგვისტოში გავრცელდა. 21 წლის ახალგაზრდები საქართველოდან „სამუშაოდ“ თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან. ორი მათგანის ვინაობა ცნობილია, ისინი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ერთი ისტორიულზე სწავლობდა, მეორე ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობაზე. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 სექტემბერს განახლდა. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. არცერთი მათგანი უნივერსიტეტში არ გამოცხადებულა.

„რაც ეს სემესტრი დაიწყო, ანუ ახალი სასწავლო წლიდან ის უნივერსიტეტში აღარ მინახავს, არ მოსულა. როგორც ჩემთვის ცნობილია თურქეთშია სამუშაოდ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ბოჭორიშვილმა.

„არასოდეს არ საუბრობდა რელიგიურ თემებზე. არ შემიმჩნევია თუ რამე მისწრაფება ჰქონდა სადმე წასვლასთან ან ამ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც მიუღებელია ჩვენთვის და საგანგაშოა“, – ამბობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი. მისი ოჯახის წევრები ამ დრომდე უარყოფენ სირიაში მათ წასვლას და აცხადებენ, რომ ისინი სამუშაოდ თურქეთში იმყოფებიან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328–ე მუხლი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

12 სექტემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობიდან 17 წლის გოგონას სირიაში მყოფ პანკისელ მებრძოლს ვახა ტოხოსაშვილს საცოლედ უგზავნიდნენ. გოგონას მშობლებმა არასრულწლოვანი შვილის უკან დაბრუნება მოითხოვეს. საქმეში პოლიცია ჩაერთო და გოგონა მშობლებს დაუბრუნეს.

P.S.  ეს ყველაფერი ოპტიმისტური დასკვნის საშუალებას ვერ იძლევა, ცხადია, საკითხი კომპლექსურია და პრობლემის გადაჭრის გზებიც ასეთივე უნდა იყოს – სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი და იმ კანონის ძალით ლაპარაკი, რომელიც ძირითადად უმოქმედოა, საკმარისი არ არის.

 

იტვირთბა....