“მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა არის, ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილება, ნახირს თავისი მწყემსი და ძაღლი ჰყავდს და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას. უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი”
მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.