ლევან კოღუაშვილის ცნობილი ფილმის, “ქუჩის დღეების” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ირაკლი რამიშვილი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით ჯერ გირაო შეუფარდეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და რამიშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ირაკლი რამიშვილის დედა, სოფო ჩხენკელი ამბობს, რომ პროკურორმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ თანხის, 7000 ლარის შეტანიდან ორ დღეში გაასაჩივრა:
„გირაოს შეტანიდან ერთ თუ ორი დღის შემდეგ პროკურატურამ სააპელაციოში იჩივლა და სასამართლოში მისვლისთანავე ცხადი გახდა, რომ აღარ გამოუშვებდნენ. ირაკლი პრობაციონერი იყო, მანამდე გასამართლებული, ოღონდ ნარკოტიკებზე არა. ყოველთვის ნარკოტიკების წინააღმდეგი იყო. სახლიდან თითქმის არ გადიოდა. ორი წლის წინ დაჭრეს და ოპერაციის შემდეგ სულ დიეტაზე იყო. ერთი წლის მერე ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ნარკოტიკებზე კი არა, სასმელზეც არ არის ლაპარაკი, ახლაც წამლებს სვამს“ – განაცხადა მეტრონომ ჯი-სთან სოფო ჩხენკელმა. მისივე თქმით, ირაკლის უახლოეს მომავალში ფილმზე უნდა დაეწყო მუშაობა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 25 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი ირაკლი რამიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება.