ახალი ამბები მთავარი

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 22.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

,ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8 პროცენტით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1 პროცენტი იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით რვა პროცენტი) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე, იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება იზრდება, რაც საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს.

იტვირთბა....