დე-ფაქტო პრეზიდენტი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ შეგვიძლია ჩვენი ისტორიული არჩევანი გავაკეთოთ. მოძმე რუსეთს უნდა შევუერთდეთ და მრავალი საუკუნის განმავლობაში უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთისა და მისი ხალხის უსაფრთხოება და აყვავება“ – შესაძლო რეფერენდუმის შესახებ ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის მეთაურმა ისიც ახსენა, რომ 1992 წელს მაცხოვრებლები „რუსეთთან შეერთების შესახებ“ დე-ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ, თუმცა 2006 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება არჩიეს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას ჰააგის ტრიბუნალის გააქტიურებას უკავშირებს:
„რაც უფრო ღრმად წავა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება, რაც უფრო აქტიური იქნება ამ საქმეში საქართველო, როგორც ჩანს, მით უფრო აქტიურად დადგება რეფერენდუმის საკითხი და უკიდურეს შემთხვევაში ყირიმის სცენარი განმეორდება“ – ამბობს მამუკა არეშიძე „მეტრონომ.ჯისთან“ საუბარში.
თიბილოვის განცხადებას პირველი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვშიც – რუსეთის სახელმწიფოს დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ დსთ-ს ქვეყნების საკითხებში, ლეონიდ სლუცკიმ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების პროგნოზირება ნაადრევია.
“ჩემი მოსაზრებით, ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ, რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება”, – განაცხადა სლუცკიმ.