გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამამ უწყების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.
„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არაა სიახლე, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით, შიგნით რაღაც-რაღაცეები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, გაიხსნება ტელეფონი გაიხსნება“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტის მშობლები დღეს საღამოს უწყებაში დაიბარეს, სადაც ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.