მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს “რსპ 40” 500 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯარიმების მიზეზი ამ კომპანიის მიერ მშენებლობის დაგეგმილ ვადებში დაუსრულებლობაა.
პროექტი 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, ამიტომ მშენებლობის დასრულების ვადებმა გადაიწია. კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ “რსპ 40” სამუშაოებს აგრძელებს. მერიაში შენობის ჩაბარებას მიმდინარე თვის ბოლომდე ელოდებიან. მიუსაფართა კარვების თავშესაფარი ამჟამად, თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა კი დიდ ლილოში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ერთსართულიანი შენობა უნდა აშენდეს, სადაც საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი განთავსდება. საცხოვრებელ კომპლექსში შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა და ვენტილაცია მოეწყობა. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. თავშესაფრის პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.