ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თუ ხევში იყვნენ, ამავდროულად მოასფალტებულ გზაზე ვერ იქნებოდნენ” – სანაია შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის ანგარიშს ეხმაურება

ჟურნალისტი ვახო სანაია, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.

როგორც სანაია სოციალურ ქსელში წერს, საქმესთან დაკავშირებით შკითხვები ისევ არსებობს.

“ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს. ითქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე მისდევდა სამი პირი და ამასთან, ორმა პირმა წინიდან მოუჭრა გზა. ხიდის ქვეშ გზის გადაღობვის ვერსია პირველად ჩვენ ვთქვით, მაგრამ ეჭვს იწვევდა, ჩავიდა თუ არა გიორგი ხევში. პროკურატურამ თქვა, რომ შაქარაშვილმა გადაუხვია და ჩაირბინა ფერდობზე. გამოძიება ამბობს, რომ ხუთივე მდევარი გიორგი ჩაჰყვა ამ ხევში, ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ გადააგდო წყალში.

ახლა ყურადღება მივაქციოთ ერთ ჩვენებას, რომელიც მისცა ვახტანგ ახვლედიანმა. ახვლედიანი იქვე იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან ახლოს, ბუჩქებში. ხაზს ვუსვამ – იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან, ბუჩქებში.

,,ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით”

ახლა ლოგიკური შეკითხვები: თუ ხუთივე მდევარი შაქარაშვილს ჩაჰყვა ხევში, მდინარემდე, ახვლედიანი რატომ ამბობს, რომ იქვე, მოასფალტებულ გზაზე ესმოდა მდევრების გინება და სირბილი 10 წუთის განმავლობაში ? ვინ დარბოდა, თუ ხევში იყვნენ ? ან ვის აგინებდნენ, გამოდითო, თუ ამ დროს მდინარესთან იყვნენ და შაქარაშვილს სცემდნენ ? თუ ხევში იყვნენ, ამავდროულად მოასფალტებულ გზაზე ვერ იქნებოდნენ.

მთავარი შეკითხვა – ქვემოთ, ხევში, მდინარესთან დაიჭირეს და სცემეს თუ ზემოთ, იქვე, ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე?” – წერს სანაია.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, დღეს, 11 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყება, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეოს ასაჯაროებს.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....