23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში განცხადებას ავრცელებს.
როგორც კილაძე აღნიშნავს, ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი საეჭვო პიროვნება არსებობს და ეს დეა კაპანაძის ძმაა. მისივე თქმით, როდესაც იგი დაღუპული პროგრამისტის მეგობარ დეა კაპანაძესთან ინტერვიუს წერდა, მოულოდნელად მათთან მამაკაცი მივიდა, რომელიც მას დეას ძმად გაეცნო.
“ამის შემდეგ დეა ფაქტიურად გაჩუმდა და საერთოდ არ გააგრძელა საუბარი… ამის შემდეგ ის გავიდა გვერდით ოთახში და ტელეფონით ვიღაცას ანგარიში ჩააბარა. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მეორე პერსონაჟი, რომელიც ამ საქმეში არის აბსოლუტურად საეჭვო, არის დეა კაპანაძის ძმა” – ამბობს კილაძე.
ჟურნალისტის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ სცადა კაპანაძეებთან დაკავშირება, თუმცა დეა კონტაქტზე არ გამოდის.
“ის გაუჩინარდა და საერთოდ ჰორიზონტზე აღარ ჩანს, წყვეტს ყოველგარ კომუნიკაციას… მას აქვს მიცემული 4 ჩვენება და საუბრობს არა საეჭვო გარემოებებზე, არამედ იმაზე, რომ სუიციდის მცდელობა, შეიძლება იყოს რეალური და სუიციდის მცდელობებს ადრეც ჰქონია ადგილი. ეს არის საერთო სამთავრობო მესიჯბოქსი”, – აცხადებს კილაძე.
ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, თამარს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში თქვა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.