თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია.
მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა.
“მოწმეები, ვინც არიან დაკითხულები, იმათ ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია და ძალიან შეუსაბამოა. მაგაზე მიდის გარკვეული ვერსიების შეჯერება. იმ კვირიდან დავიწყებთ დრონების, ჩანაწერების და გარკვეული სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერებიდან შეჯამებას და ყველაფრის ნახვას. ბევრი ვერსია რადგანაც არსებობს, ამ ვერსიიდან ჩანს, რომ გარკვეული ეჭვები ჩამოშორდება ამ საქმეს”, – აცხადებს რამიშვილი.
მიხეილ რამიშვილი საქმეზე “ქრონიკა +”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვასაც მოითხოვს.
“გარკვეული პირების დაკითხვასაც ვითხოვ, როგორიც არის მაგალითად ელისო კილაძე. ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე უნდა იყოს გამოკითხული და მე ვთხოვ და ვითხოვ, რომ ელისო კილაძე დაუყოვნებლივ იყოს დაკითხული”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მანქანის ექსპერტიზაზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დასწრებას ითხოვს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა დაზარალებულის მხარის გარეშე არ უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს გუშინ ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.