თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მანქანის ექსპერტიზაზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დასწრებას ითხოვს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა დაზარალებულის მხარის გარეშე არ უნდა ჩატარდეს.
“როგორც ტელეფონისა და კომპიუტერის შემთხვევაში ველოდები, იგივე მანქანის შემთხვევაში ველოდები, წაშლილი იქნება ყველა კვალი, მე ასე ვფიქრობ, ფაქტი თვალწინაა. არაფერი პასუხი არ მიგვიღია არავისგან. არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაუციათ. ველოდებით გამოძიებას. ჩვენი და ადვოკატის თანდასწრებით უნდა გაიხსნას, მაგრამ აზრი?! ტელეფონზე და კომპიუტერზეც ეგრე უნდა ყოფილიყო”, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს გუშინ ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.