ახალი ვირუსი, რომლისაგანაც ჩინეთში 7 ადამიანი დაიღუპა, ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განცხადებით, ახალ ვირუსზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მისი თქმით, ტკიპებით გადამდები ინფექციების ცალკეული შემთხვევები საქართველოშის დასტურდება. ამის შესახებ იგი “პრაიმტაიმთან” საუბრობს
„ახალ ვირუსზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ ლოკალური ხასიათი აქვს, ჯანმოსაც გაფრთხილება არ გაუვრცელებია, რომ მასშტაბურ ეპიდემიას უნდა ველოდეთ. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ვირუსის ლოკალური აფეთქებები ძალიან ხშირია, ახლა კოვიდ-ის გამო მიიქცია ყურადღება და ყველა ყველაფერს თვალყურს ადევნებს. ამ ტიპის ინფექციებს ნაკლებად ახასიათებს მასშტაბური გავრცელება, უფრო აირწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსები იღებენ პანდემიურ ხასიათს.
„ტკიპებით გადამდები ინფექციების ცალკეული შემთხვევები ჩვენთანაც ფიქსირდება. მაგალითად ბორელიოზი, რომელიც წელს ყველაზე ხშირად გამოვლენილი ინფექციაა. ტყიან მასივებში გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში არის საშიში. ამიტომ მოსახლეობას სულ ვაფრთხილებთ, თუ ტკიპის ნაკბენია, ან შენიშნავენ რამე სპეციფიურ გამონაყარს, მიმართონ ექიმს, რათა დროულად ჩაუტარდეთ დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ – განაცხადა ბუწაშვილმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა. წერს Global Times-ი.