“ბაჩანას გამოჩენამდეც კომპანია “ზეგ”-ის თანამშრომლებმა გამოძიებას მიაწოდეს ყველანაირი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვლიდნენ, არანაირი კავშირი კონტენტსა და კომპანიის საქმიანობას თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიასთან არ ჰქონია. ჩვენი კოდექსის მიხედვით, პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადებაა დანაშაული, ხოლო დამზადება თავისთავად დანაშაული არ არის. მე ვერც ერთი ნორმატიული აქტი ვერ ვნახე, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს საქართველოში. ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ არათუ ქართულ პორნოგრაფიასთან, არამედ ამ თვალსაზრისით პროდუქციის შექმნასთან “ზეგ”-ს შეხება არ აქვს. კომპანია აშენებს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას.”
მამუკა ჭაბაშვილი – კომპანია “ზეგ”-ის ადვოკატი.
ამის შესახებ ჭაბაშვილმა გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ვერსიებსა და მისი დამსაქმებელი კომანიის საქმიანობის შესახებ “მეტრონომი” უკვე წერდა. როგორც გაირკვა, კომპანიას, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, შეხება ჰქონდა პორნოგრაფიული კონტენტის შექმნასთან. გამოცემამ გამოძიებას თავიდანვე მიმართა, რომ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულიყო.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.