პირველი მატარებელი თურქეთში თვის ბოლოს ჩავა
„ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა“ – ეს განცხადება „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბახტაძის თქმით, ჩინეთიდან მატარებელი საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა – ეს ძალიან მოკლე დროა და საავტომობილო გზის კარგი ალტერნატივაა (ავტომობილით ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსვლას 25 დღე სჭირდება), „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ტარიფები უფრო მაღალია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, რადგანაც დროც ფულია, სარკინიგზო მიმოსვლას კი სწორედ დროის მხრივ აქვს უპირატესობა.
თავის გამოსვლაში ბახტაძემ ასევე განაცხადა,რომ თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, გეოგრაფიული ბარიერებით გამოწვეული გარკვეული შეფერხებებიც არსებობს. მისი შეფასებით, აღნიშნული დერეფანი კარგია როგორც დროის, ისე ტარიფებისა და უსაფრთხოების მხრივაც.
ბახტაძის თქმით, დღეს თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიარდს შეადგენს, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც აუცილებლად დასჭირდება ახალი დერეფანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი 15 ოქტომბერს გაიხსნა. ფორუმს 800-მდე მონაწილე ესწრება, რომლებიც აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავს. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი – აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.