ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ.
მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს.
„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოქალაქეებს ახალი სოციალური პაკეტის ფარგლებში ფინანსურად დახმარებას გაუწევს. დახმარების პაკეტი დღეს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას წარუდგინა. დახმარების პაკეტისთვის მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 130 ილიონი ლარი გამოყენებული იქნება StopCoV ფონდიდან, სადაც 100 მილონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა შემოწირულობის სახით კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გადარიცხა.