“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 6 ამერიკელი კონგრესმენის მიერ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, ივანიშვილი ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას.
“დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა დასავლელმა პარტნიორებმა.
ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და მისმა დამქაშებმა, მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით, პრაქტიკულად, წაართვეს საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა.
2020-ის ოქტომბერში იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული ოცნება რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და აღმშენებლობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს გამარჯვების გზას”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილი გაუგზავნეს. სადაც წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. კონგრესმენები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო.