ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ ვკრძალავთ კერძო ავტომანქანებს, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას”- კალაძე

ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში  საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განხილვის საგნად იქცა, თუმცა მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

„მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში იქცა დიდი განხილვისა და მსჯელობის საგნად. არიან ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ასევე, არის ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც მოსწონს ჩვენი ხედვა, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე ბევრჯერ გვითქვამს ის, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვაჩვენეთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ასევე, ისმის კითხვები რატომ არ შეიძლება გზების გაფართოვება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, არ არის სწორი. კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. ისმის კითხვა – მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული? გამოსავალი არის ერთადერთი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება  და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება. ჩვენი ხედვა, სტრატეგია მიმართულია სწორედ ამისკენ. ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლინაობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით – ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული.

ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან  დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა – ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი სრულად მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოთ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

ზოგადად ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....