ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს” – “ემპათიას” იურისტი

უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ – ამის შესახებ, ცენტრ „ემპათიას“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლემონჯავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს.

„უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასა“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს, ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასობით რეგისტრირებული მომხარებლის, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია. ყოველივე ზემოთხსენებულზე დაყრდნობით გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა“, – განაცხადა ლემონჯავამ.

იტვირთბა....