ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

რატომ დასჭირდა საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელს – “მეტრონომმა” დოკუმენტები მოიძია

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში ნაპოვნი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსითმოცული გარდაცვალება ყოველდღიურად დამადებით კითხვებს აჩენს. ვიდრე გამოძიება და ექსპერტიზა კონკრეტულ კითხვებს პასუხებს გასცემენ, ამ ეტაპზე გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის ყველა ვერსია განიხილება – შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს როგორც პირადულ მიზეზებს, ასევე მის სამსახურეობრივ მოვალეობას. ვინაიდან, ამ ეტაპზე ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, “მეტრონომი” შეეცდება თანმიმდევრულად მიჰყვეს გარდაცვლილის მოღვაწეობას და საინტერესო აქცენტები დასვას.

ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2017 წლიდან კომპანია “ზეგ”-ში პროგრამისტად მუშაობდა.  გარდა “ზეგ”ისა, ის 2019 წლის ოქტომბრიდან დეველოპერად კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა. აღნიშნული სამსახური თამარ ბაჩალიაშვილმა 2020 წლის 21 თებერვალს დატოვა.

შპს “ზეგ” არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს.კომპანია „ზეგ”-ი 2013 წელს ფლორიდაში დარეგისტრირდა. ხოლო საქართველოში კომპანია “ზეგ”-ი (ს.კ. 405130914) 2015 წელს ნიკოლოზ გეჯაძის მიერაა დაფუძნებული და ის კომპანიის სრულ კაპიტალს ფლობდა. ხოლო, კომპანიის დირექტორია თამარ კობერიძე, რომელიც 2016 წელის დეკემბერში კომპანიის მფლობელი ხდება. 2018 წლის თებერვალში, დირექტორმა ხელწრილის საფუძველზე, 100%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა აშშ-ის მოქალაქეს აბრაამ რეიხბახის, თავად კი დირექტორის პოზიციაზე რჩება. (იხ. აბრაამ რეიხბახის პასპორტი).

კომპანიის საქმიანობას რაც შეეხება, ის მუშაობს შეერთებულ შტატებზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება აქვს..

“ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები,”- აცხადებს კომანიის დირექტორი.

საინტერესოა, თავად აბრაამ რეიხბახის ბიზნესსაქმიანობა. ირკვევა, რომ აბრაჰამ რეიხბახი  34 კომპანიას ფლობს. ცნობილია ისიც, რომ თითოეული მათგანი შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ  აბრაამ რეიხბახი საქართველოში სამი კომპანიის მფლობელია.

„ზეგ”-ის დამფუძნებელს ნიკოლოზ გეჯაძეს 2012 წლის მარტს ასევე შექმნილი აქვს შპს „ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტი”, – რომელიც ასევე აბრაამ რეიბახს გადაუფორმა და ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ შპს „ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტის” პარტნიორი იყო თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის კონსტანტინე ყიფიანი. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ყიფიანის 2013 წლის დეკლარაციაშია ასახული. ამავე დოკუმენტის თანახმად, ამ კომპანიის პარტნიორია მისი მეუღლე  ნინო კუსრაშვილიც. ყიფიანის 2015 წლის დეკლარაციაში აღნიშნული კომპანია აღარ ფიგურირებს. ცნობისთვის, ნინო კუსრაშვილი ასევე არის შპს “ბი-დი-ჯი ლიგალის” 50%-იან წილს მფლობელი, რომლის დირექტორი 2011 წელს იყო მისი მეუღლე კონსტანტინე ყიფიანი, ხოლო 2014 წლის მონაცემებით – აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე..

რაც შეეხება აბრაამ რეიხბახის მფლობელობაში არსებულ მესამე კომპანის, ესაა შპს “სანქოუსთ მენეჯმენტი”, რომელიც 2012 წლის ივნისში დარეგისტრირდა და რომლის დირექტორიც ჯერ რევაზი კალანდაძე იყო, შემდეგ კი კორნელი შუღლაძე. კორნელი შუღლაძის გვარი ფიგურირებს შპს „ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტის” საქმიანობაშიც .კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში კორნელი შუღლაძემ, როგორც კომპანიის მფლობელის, აბრაამ რეიხბახის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს, რომლითაც საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება მოითხოვა. მას მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. საუბარია ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის კონფიდენციალურობაზე, რომლითაც, როგორც დირექტორი წერს, შეიცავს კომერციული შინაარსის ინფორმაციას. იმედს ვიტოვებთ, გამოძიება დაინტერესდება ამ ინფორმაციით, რაც გამოკვეთავდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის უცხოელი დამსაქმებლის აბრაამ რეიხბახის რეალურ საქმიანობებს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში.

რა მოხდა სინამდვილეში და რა გარემოებაში გარდაიცვალა 23 წლის გოგო, ეს გამოძიების დასადგენია. კომპანია “ზეგ”-ის დირექტორის, თამარ კობერიძის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.ამ დროისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის ცნობით, როგორც გამომძიებლებმა ბაჩალიაშვილის მამას უთხრეს, გოგონა შარშია და გააფრთხილეს, ისიც არ გახვეულიყო. ამის შემხდეგ ოჯახმა მალევე გაიგო, რომ გოგონა გარდაცვლილი ტყეში იპოვეს.

დავუბრუნდეთ დეტალებს, კომპანია “ზეგ”-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მისი საქმიანობის საგანია “ხელოვნური ინტელექტი, ნანო ტექნოლოგიები და კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.”  აქედან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილი ფლობდა მაღალტექნოლოგიური პროგრამირების ენებს. ამასთან, ცნობილია, ბაჩალიაშვილი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა. ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” გარდაცვლილის თანამშრომელმა განაცხადა.

“თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად რამდენიმე პროექტში ვიმუშავე. რა პროექტები იყო, ამის თქმა არ შემიძლია, კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოგვიწია ერთად მოთხოვნილ შეკვეთებზე მუშაობა,.”- განაცხადა ბაჩალიაშვილის თანამშრომემელმა.

გარდაცვლილის მეგობრებიდან ცნობილია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კერძო შეკვეთებზეც მუშაობდა. ხოლო, რა სახის შეკვეთები ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს, უცნობია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმიანობის შესახებ არც მისი ოჯახი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, ქართველ დეველოპერებს მის შესახებ არაფერი სმენიათ. ამას მოწმობს “ფეისბუკჯგუფი”, სადაც გაწევრიანებულები არიან ქართველი და უცხოელი დეველოპერები. მათ შორის ბევრია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ჯგუფში 23 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განხილვისას წევრები წერენ, რომ გარდაცვლილს არ იცნობენ. “მეტრონომის” ყურადღება მიიქცია ასევე, გარდაცვლილის “ფეისბუკგვერდმაც“, სადაც  მეგობრების უმეტესობა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები არიან.

შეგახსენებთ, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. უკვე იკითხებიან საქმის ფიგურანტები, როგორც ახლობლები, ასევე, თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ კომპანია “ზეგ”-დან 50-მდე კომპიუტერი ამოიღო. შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის სამსახურის დატოვებიდან 2 დღეში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.

თათა შაიშმელაშვილი

იტვირთბა....