იუსტიიცის მინისტრი კორნავირუსთან ბრძოლას პირადი ინტერესებისთვის რომ იყენებს, ამაზე “მეტრონომი” უკვე წერდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობისთვის მინიჭებულ უფლებებს იუსტიციის სამინისტრო ბოროტად იყენებს და გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესების საფუძველზე იღებს. აქამდე “მეტრონომი” თეა წულუკიანის იმ უსაფუძვო გადაწყვეტილებაზე წერდა, რომლითაც ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების დამოწმება ეკრძალებათ, თუნდაც მინდობილი პირის მონაწილეობით. ამ თემის შესაწავლისას “მეტრონომმა” მიაგნო ნოტარიუსს, რომელიც თეა წულუკიანის უსამართლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს. საქმე ეხება კვლავ ნოტარიუსების საქმიანობის შეზღუდვას, რომელიც მინისტრის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება და ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ნოტარიუსი, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობას არ ასაჯაროებს, “მეტრონომს” მინისტრის უსამართლო გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. როგორც ნოტარიუსი გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სანოტარო ბიურო ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, მინისტრი მას საქმიანობის უფლებას უზღუდავს, ხოლო, რა არის ამის მიზეზი, ამაზე განმარტებასაც კი არ აძლევს და უსასრულო ლოდინის რეჟიმში ამყოფებს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მასშტაბით 60-მდე ნოტარიუსია, რომელთან გახსნის უფლება არ მიეცათ. გთავაზობთ ინტერვიუსს ერთ-ერთ ნოტარიუსთან, რომელიც მინისტრის გულგრილობისა თუ პირადი ინტერესების მსხვერპლი გახდა.
“მეტრონომი”: რა პრობლემები შეექმნათ სანოტარო ბიუროებს პანდემიის პერიოდში და რას გედავებათ იუსტიციის სამინისტრო უშუალოდ თქვენ?
ნოტარიუსი: პრობლემები დაიწყო პირველი აპრილიდან, როცა უკვე კორონასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანების გადაწყვეტილებით სანოტარო ბიუროები ოფიციალურად დაიხურა. მაისში უნდა დაწყებულიყო ბიუროების გახსნის ეტაპი. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა მაისშივე გამოსცა ახალი ბრძანება და უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა პუნქტი სანოტარო ბიუროების ახალი სტანდარტების შესახებ, რომელიც სრულიად სცდება ნოტარიატის შესახებ კანონში მითითებულ სტანდარტებს. ამის მიხედვით დაწესდა ახალი სტანდარტები და ყველა ბიურო უნდა ჩატეულიყო ამ სტანდარტებში. სტანდარტების მიხედვით, ბიუროს შენობას უნდა ჰქონოდა ფანჯარა, მოქალაქეთა მისაღები უნდა იყოს 15 კვ.მ-ზე მეტი, თარჯიმანს ცალკე ოთახი სჭირდებოდა და ა.შ. ჩემი ბიურო ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, გავაგზავნე მოთხოვნა გახსნის თაობაზე. მიმართვა გაკეთდა სტანდარტების შესაბამისობაში. ეს იყო აზომვითი ნახაზები, ფოტოსურათები, ამონაწერეები, ყველაფერი დოკუმენტურად დამოწმებული გადავაგზავნე, მაგრამ პასუხს არავინ გვაძლევს – აკმაყოფილებს თუ არა ბიურო სტანდარტებს, გახსნიან თუ არა საერთოდ ბიუროს, ან როდისთვის მოგვცემენ ნებართვას, ამაზე არაფერს გვეუბნებიან.
– როდის მიმართეთ იუსიტიციის სამინისტროს განცხადებით და რას მიზეზს ასახელებენ, რომ დღემდე არ მოუციათ ბიუროს გახსნის ნებართვა?
– ორ თვეზე მეტია უკვე გასული, რაც განცხადებით მივმართე სამინისტროს. პასუხი 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოსულიყო. მას შედეგ სულ ვრეკავდი და კონტაქტზე ვარ… ვკითხულობ, ან რეკომენდაცია მომცენ, ან ვადა მითხრან, როდის მომცემენ ნებართვას. ვინც კურირებს ამ საქმეს, მუდმივად გვეუბნება, რომ მინისტრის უშუალო გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოთ, მაგრამ როდემდე ამას არავინ ამბობს. მათი პოზიციაა, რომ არ უნდა გიპასუხონ, რადგან არ აქვთ პასუხი. პასუხი აქვს უშუალოდ იმ პირს, ვისაც ეხება ეს ყველაფერი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ეს პირი არის ქალბატონი თეა. ზოგი ბიუროს გახსნაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა მალე, ზოგისი დროში გაიწელა, ზოგი ბიუროს კი საერთოდ არ მისცეს გახსნის უფლება და ამის მიზეზი არავინ იცის. ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, განაცხადებები არ განიხილეს თუ რა მოხდა, არ ვიცით. მე ჩემი დოკუმენტაცია გადავაგზავნე ნოტარიუსთა პალატაში, განიხილეს და მითხრეს, რომ ყველანაირად ვაკმაყოფილებ სტანდარტს. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროსგან პასუხი არ არის და რის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვერ ვხვდები. ყველა ბიუროს შეეძლო განცხადებით მიემართა, რომ 15 ივლისამდეც გახსნილიყვნენ, რადგან ზოგადად ბრძანება ძალაში 15 ივლისამდე მოქმედებდა. ამ თარიღს მშვიდად ველოდით, ვინაიდან ამ დღის შემდეგ ყველა ბიუროს უნდა შეძლებოდა მუშაობის განახლება. თუმცა, მინისტრის უფლებამოსილება კანონმდებლობის ლავირების კუთხით 2021 წლამდე გახანგრძლივდა და შესაბამისად, სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად გაიხსნება. მაგრამ, რას გულისხმობს ეტაპობრივი გახსნა, სამ, ოთხ, ხუთ თვეს, ამაზე პასუხს არ იძლევიან. რაც და როგორც მოუნდება იუსტიციის მინისტრ წულუკიანს, ისე აკეთებს.
– თუ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებთ, თქვენი აზრით, რა ინტერესი უნდა გააჩნდეს იუსტიციის მინისტრს, რომ ბიუროს გახსნის ნებართვას არ გაძლევთ?
– ვერ ვხვდები ნამდვილად, ინტერესი რა უნდა იყოს. ალბათ პირადი ინტერესია, პირადი შეხედულებები და პირადი დამოკიდებულებები ამა თუ იმ ნოტარიუსის მიმართ. მე აქ მეტ ინტერესს ვერ ვხედავ. ფინანსური კრიზისი ფონზე, როცა ვეღარ ვახერხებ ხელფასებისა და ქირის გადახდას და არც ვიცი, რა პასუხს მივიღებ სამინისტროსგან, მივიღე გადაწყვეტილება ბიუროს დახურვის შესახებ. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ფართი. ხოლო, რა იქნება 2021 წლიდან, არავინ იცის. შესაძლოა, წამოვიდეს მეორე ტალღა, შეიძლება დაწესდეს ის შეზღუდვები, რაც იყო თავიდან და რა იქნება არ ვიცით. შესაბამისად, რა გველის, ვერ გეტყვით, რადგან მე დღესაც არ ვიცი რა მელის. უსასრულო ლოდინი ალბათ ან დავწერ განცხადებას და წავალ, ლუკმა-ყოფნის სამყოფი მაინც ვიშოვო, თუ არ გაიხსნება და თუ ეს ლოდინი ასე უსასრულო იქნება. მე დავარქმევდი, რომ ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ერთი პირის გადაწყვეტილება, რომელიც როგორც უნდა ისე იღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ უნდა გახსნის ბიუროებს, თუ უნდა არ გახსნის. ეს სრულიად თავისი შეხედულებით ხდება ყველაფერი, და ამოჩემების პრინციპით ხდება გახსნა. აქ ვგულისხმობ მინისტრს, ვინაიდან უშუალოდ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება სანოტარო ბიუროების გახსნა.
– ხომ არ აპირებთ გარკვეულ ზომებს მიმართოდ, როგორიცაა მშვიდობიანი აქციები ან სასამართლო?
– იმდენად ერთპიროვნულად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ყველა დუმილით და ჩუმად ელოდება, ვინაიდან, ეშინიათ შემდგომი ნაბიჯების, რომ უარესი არ მოხდეს. ურჩევნიათ, დაელოდონ და უარესი არ მოხდეს. ზუსტად ვიცი, ყველა ძალიან ნერვიულობს და შიშის გამო ვერ იღებენ ხმას, რომ უფრო უარესი არ მოხდეს. პირადად მე, სარჩელის შეტანას ვფიქრობ, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით კიდევ ველოდები. იმედი მაქვს, რომ გადახედავს ამ საქმეს და გულისხმიერებით მოეკიდება, გაითავისებს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და რაღაცა “ხუშტურის” გამო არ უნდა შეუზღუდო ვიღაცას მუშაობა. მაგრამ როდემდე დაველოდები ამ ყველაფერს არ ვიცი. ეს ყველაფერი იმდენად არაპროგნოზირებადია, არ ვიცი, რა მოხდება, არჩევნებიც მოდის და დაველოდები ამ პერიოდს იმ იმედით, რომ იქნებ შეიცვალოს, მაგრამ არაფერი იცვლება. ჩვენს ინტერესებს იცავს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც გვეხმარება, ველოდებით მათგანაც მხარდაჭერას, რომ იქნებ მოლაპარაკებებს მიაღწიონ. ვნახოთ, რას იზამს მინისტრი, ფაქტია, მას პირადი ინტერესები აქვს, დრო იხელთა და პირადი ინტერესები ბრძანებებს გადააყოლა. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და თანამდებობას ბოროტად იყენებს. მაგრამ, მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს გაგვიმარტოს და იქნებ ვეთანხმებით. უბრალოდ უნდა და ზღუდავს, ასე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს ცივილურ სამყაროში.
ნოტარიუსი “მეტრონომთან” ამბობს, ის მზადაა, მინისტრთან პირადად გაიაროს ყველა თემა და თუ რაიმე სახის დარღვევა აღმოაჩნდა, მზადაა, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ, ნოტარიუსი ირწმუნება, მას არანაირი კანონდარღვევა არ უფიქსირდება და სამინისტროდან აქამდე ჯერ რაიმე დარღვევაზე შენიშვნა არც კი შესვლია. ამიტომ, მინისტრის ასეთ გადაწყვეტილებას მიზანმიმართულს უწოდებს და ფიქრობს, რომ უკეთესია, ამ საქმით არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ.
თათია შაიშმელაშვილი