ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს უკვე აღარ ჰგავს უმისამართო გადაადგილებას” – ვახო სანაია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტი მაწევანშიც დააფიქსირეს. ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს საქმეში მნიშვნელოვანი მიგნებაა.

,,გოლთეთის გვერდით არის სოფელი მაწევანი. ჟურნალისტი ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ. თამარის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ეს მცხოვრები ამბობს, რომ ნამდვილად დაინახა ნაცრისფერი პატარა მანქანა, რომელსაც გოგო მართავდა, აკვირდებოდა და უყურებდა სახლებს, მინები ამოწეული ჰქონდა. ეს ის დღეა, როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაინახა საღამოს საათებში, ანუ კარგა ხნის მერე, რაც გოლთეთში იმყოფებოდა. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, გამოდის, რომ მხოლოდ გოლთეთში კი არა, გვერდით სოფელშიც ჩასულა. ასევე გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს უკვე აღარ ჰგავს უმისამართო გადაადგილებას. ეს უფრო იმას ჰგავს, როცა კონკრეტულად რაღაც მისამართზე მიდიხარ ან ვინმეს ეძებ.

ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა” – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ კიდევ ის არის ცნობილია, რომ მის ავტომანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

იტვირთბა....