ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.
პრემიერის შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.
„ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები“, – განაცხადა პრემიერმა.

