გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება – ამის შესახებ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძის თქმითვე, ორშაბათის პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავენ.
„პროცედურულად ერთადერთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავენ. მოლოდინს რაც შეეხება, ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოს გაცდა და აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, არასრულწლოვნების ნაწილში მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივად, შეაფასებს და მათთვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, გაათავისუფლებენ. ალბათ, სტრატეგიას აირჩევს ბრალდების მხარე, რომ არასრულწლოვნებს გაუშვებს და შემდეგ უკვე, გარედან მოუწევთ სასამართლო პროცესებზე მოსვლა.
რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო ამ მოთხოვნას, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ არ ვეთანხმებოდით საქმის გახანგრძლივებას, მაგრამ სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.