ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებას ტაშის შემოკვრის საფუძველი არ აქვს, ავტორიზაციის აქტი სხვაა და კანონპროექტი, სადაც სანქციებს ითხოვენ – სხვა” – გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ- ის სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მიესალმება და აღნიშნავს, რომ მთავრობა სპეკულირებს, თითქოს ეს მათი დამსახურებაა. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე სპეკულირებს, როდესაც ამ დოკუმენტში სანქციების არარსებობაზე მიუთითებს.

“მნიშვნელოვანია სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, ვინაიდან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს არის აშშ- ის სტრატეგიული პოზიცია. მთავრობა ნუ ეწევა სპეკულირებას,თითქოსდა, რაღაც დამსახურება იყოს მათი ამაში, ისევე როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოსდა, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით, ანუ მის გაყინვას, 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი – თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის – სხვა. თავისთავად საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით არის ძალიან კარგი და მისასალმებელი ჩვენი მხრიდან,” – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

იტვირთბა....