შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს რატომ ვერ მოახერხეს სამართლდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის პოვნა 5 დღის განმავლობაში.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ავტომანქანა ბოლოს კამერებმა სოფელ ხაიშში დააფიქსირეს, ამიტომ სამძებრო სამუშაოებისთვის მთელი რესურსი ამ ტერიტორიაზე იქნა მიმართული.
მისივე განმარტებით, ადგილი, სადაც მწყემსმა ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვა, ხაიშიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული და მისი პოვნა სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა.
„რაც შეეხება საზოგადოების კითხვებს მანქანის დროულად პოვნასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობინების მიღებიდან, რომელიც შევიდა პოლიციაში. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომანქანა დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. ამ კუთხით მთელი რესურსი დეტალურად შესწავლის მიზნით ამ ტერიტორიაზე მოხდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა, ისე იმ შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესწავლა. სამწუხაროდ, ამ ლოკაციაზე ვერ იქნა მოძიებული მისი ავტომანქანა, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით უკვე სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც შემთხვევით დააფიქსირდა გამვლელმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოიკითხა პოლიციის მიერ. ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური დრონებიც, რომლებიც სიმაღლიდან ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე დააფიქსიროს ავტომანქანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვა არეალში, იქ ვერ მოხერხდა იმ დღეებში ამ ავტომანქანის პოვნა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.