ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის და მისი გადასვენების პროცედურებს სპეციალური განცხადებით განმარტავს.
“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ.
პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიურო მზად არის, განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.
ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული, ან სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა”, – აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.