ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ცხედარს ცუდი ფერი აქვს და ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია”- ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ადვოკატისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ცხედარი მანქანის უკანა სავარძელში.

„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა და უკვე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

“ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....