ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, დღეს მაჟორიტრობის კანდიდატების წარმოდგენით “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველს ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზა. ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები “ქართული ოცნების” რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ.
„ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ, გადანაცვლება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მაჟორიტარ კანდიდატებად, ამას ვერ შევაფასებთ როგორც პროგრესს და წინსვლის საწინდარს. მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეიტინგი მიდის დაღმასვლით და ამ დაღმასვლას ეს კანდიდატები ვერანაირად შეაჩერებენ. შესაბამისად, დასახელებული კანდიდატები რომ ერთობლიობაში განვიხილოთ, ფაქტობრივად, მოსახლეობას საფიქრალი ექნება არა კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატთან, არამედ “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით გააკეთოს თუ არ გააკეთოს არჩევანი,”- განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 30 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა. კანდიდატები პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.