გუშინ “მთავარ არხზე” გასულ გადაცემას, სადაც უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო, შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე და ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ლატარია და ნიკოლაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდებზე წერენ, გალინა კარმოშინა, რომელიც გადაცემაში ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული, საქართველოში გიდად მუშაობს.
აღნიშნულს, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარიას სტატუსის ბმული გააზიარა და დაწერა: “ვწუხვარ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა ექსპერტ გიდმა.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.