ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხულმა მწყემსმა “ჩვენება” შეცვალა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ე.წ. მწყემსი, ზაქარია ედიშერაშვილი, რომელიც გვამის აღმოჩენის დღეს ტელეკომპანია “იმედმა” ჩაწერა, აცხადებს, რომ ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შაქარაშვილის კლდიდან ან სხვა ადგილიდან მდინარეში გადავარდნის ფაქტის შესახებ, არაფერი მოუსმენია.

ამასთან, 23 ივნისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ზაქარია ედიშერაშვილი არა მწყემსი, არამედ ფეხოსანი პატრულია, რომლის მოვალეობაცაა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის წიწამური-წეროვანის მონაკვეთის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება.

“22 ივნისს, როდესაც ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და ფეხით გადმოვდიოდი იმავე ხიდის ქვეშ, წინიდან შემხვდნენ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ჟურნალისტები, რომლებიც მე შემეკითხნენ, ხიდიდან ხომ არ იყო გადავარდნილი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ ვუპასუხე, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარეში, შესაძლოა, გადავარდნილიყო სხვა ადგილიდან და მივუთითე ის ადგილი, სადაც 19 ივნისს დავინახე ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფი. მე ასე იმიტომ ვივარაუდე და იმიტომ გავეცი აღნიშნული პასუხი ჟურნალისტებს, რომ ჩემს მიერ მითითებულ ადგილას, გაუქმებული სასადილოს ქვევით, გადის ბილიკი, რომელიც მიდის ციცაბო, მდინარეში გადასავარდნ ადგილას. მე შესაძლოა, ჟურნალისტებთან საუბარში ზუსტად ვერ გამოვთქვი ის, რომ ჩემი განცხადება იყო ჩემი ვარაუდი და არა ფაქტი. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ 19 ივნისს, ყოფილი სასადილოს შენობასთან შეკრებილ პირთა ჯგუფის წევრების საუბრიდან გიორგი შაქარაშვილის კლდიდან ან სხვა ადგილიდან მდინარეში გადავარდნის ფაქტის შესახებ არაფერი მომისმენია და ჟურნალისტებთან საუბარში მხოლოდ ჩემი მოსაზრება და ვარაუდი გამოვთქვი, რაც ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე და, შესაბამისად, არასწორად გადავეცი ჟურნალისტებს ინფორმაცია”, – განაცახადა ედიშერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქრონიკის“ ეთერში ზაქარია ედიშერაშვილმა განაცხადა, რომ მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში კლდიდან გადავარდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....