ახალი ამბები მთავარი სამართალი

სისხლიანი ქვები შემთხვევის ადგილიდან – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია. კერძოდ, გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები იპოვეს, რომლებსაც სისხლის კვალი აქვს – ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს. ექსპერიმენტი ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.

ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, სადაც ჩხუბის შედეგად დაშავებული ახვლედიანი დაიმალა. საქმის მასალების მიხედვით, ვახო ახვლედიანს სისხლი სახის არეში ჰქონდა, სწორედ ეს არის ადგილი, სადაც მან გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

“ამოღებულია ქვა, ვახომ სწორედ იმ ქვაზე მიუთითა, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ეჭირა. არა მგონია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ უნდა მივიდეს გამოკითხვაზე და თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა იყოს იქ მაგისტრი მოსამართლე”, – განაცხადა ახვლედიანის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

იტვირთბა....