შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა. გაბეჩავამ უწყება 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
„კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ ანა გაბეჩავამ.
გაბეჩავას ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, შემოწმდა სოციალური ქსელები და რაიმე დამატებითი კითხვები საგამოძიებო უწყებას არ ჰქონია.
„სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე შემოწმდა სოციალური ქსელი სასამართლო განჩინების საფუძველზე. დამატებითი კითხვები არ ყოფილა. მიმოწერის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და 19 ივნისის ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის,19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.