გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზა უტარდება. პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად არასრულწლოვნის უფლებადამცველიც ესწრება.
ექსპერტიზამ ახლა უნდა დაადგინოს, მიიღო თუ არა 19 ივნისის ღამეს ზ.ხ-მ სხეულის რაიმე სახის დაზიანება, თუმცა ადვოკატი გიორგი გელხაური, მისივე დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებულს დაზიანებები არ აქვს იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირების არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია.
არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ზ.ხ. ავტომაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს და ის ავტომობილ ტოიოტა ქემრიში იჯდა.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.