“რა თქმა უნდა, რისკები ახლავს ამას და არსებობს შანსი, რომ ხელისუფლება ამ ბერკეტებს ბოროტად გამოიყენებს”
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. დეპუტატები კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.
მმარველ გუნდში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაცას ოპოზიცია არ იზიარებს. ოპოზიციისა და “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები მთავრობისთვის უფლებასილების გახანგრძლივებას “პოლიტიკურ აფიორას” უწოდებენ და აცხადებენ, რომ მიღებული კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ოპოზიციაში იმასაც განმარტავენ, რომ მაღალი ალბათობაა, კორონავირუსთან ბრძოლა წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენონ. ოპოზიციაში არგუმენტად მოჰყავთ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ისეთი შეზღუდვები დააწესოს, რაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უბანზე მისვლისას შეაფერხებს. მაგალითისთვის ასახელებენ, რომ მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით შესაძლოა ჩაკეტოს კონკრეტული ქალაქები და სოფლები და ეს ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაცას მიაწეროს.
არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, მთავრობამ წინასაარჩევნოდ მის ხელთ არსებული ბერკეტები სათავისოდ გამოიყენოს და შეზღუდვები არასაჭიროების შეთხვევაშიც დააწესოს, ამ საკითხზე “მეტრონომს” ექპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
ხუხაშვილის მოსაზრებით, ერთის მხრივ, მთავრობას სჭირდება ბერკეტები, რომ მართოს ეპიდემიოლოგიური ვითარება და მეორეს მხრივ, შესაძლოა, ეს შესაძლებლობები ცუდად გამოვიყენოს.
“ეს არაა ის საკითხი, სადაც ადამიანმა შეიძლება ცალსახა პასუხი გასცეს. ერთის მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსი არსად წასულა და შემოდგომა-ზამთრის სეზონი იქნება ძალიან რთული, იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსთან ერთად იქნება გრიპის სეზონი. შესაბამისად, შეზღუდვების დაწესების უფლება ხელისუფლებას თავის მოქმედებებში სჭირდება, რომ გაჩენილ რისკებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. თუმცა, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამას რისკები ახლავს და არსებობს შანსი იმისა, რომ ხელისუფლება ამ ბერკეტებს ბოროტად გამოიყენებს,”- აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტის შეფასებით, ამ საკითხზე ორივე მხარის არგუმენტები ლოგიკურია, ამიტომ ერთმანეთთან დაპირისპირებას უმჯობესია, მთავრობის გასაკონტროლებლად შეიმუშავონ მექანიზმები, რადგან მან არსებული ბერკეტები ბოროტად არ გამოიყენოს.
“იმაზე კი არ უნდ ვიფიქროთ, რომ მთავრობას ყველაფრის ქმედება საერთოდ ავუკრძალოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ მექანიზმები, რომ ეს უფლებამოსილება არ გამოიყენოს. ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთმანეთში ჯინაობასა და საქმეების გარჩევას, მეტს არაფერს. ამ კანონითვე უნდა იყოს ალბათ გათვალსიწინებილი დამცავი მექნიზმები. სჯობდა ამაზე დაეხარჯათ დრო ამდენი დისკუსიისა და ერთმანეთის მიმართ ბრალდებების ნაცვლად. ამას უსმენს ამომრჩეველი. უსმენენ ოპოზიციას სწორს ლაპარაკობენ, უსმენენ ხელისუფლებას სწორს ლაპარაკობენ. რა უნდა ქნას ადამიანებმა?! ამას ეწირება სახელმწიფო ინტერესები”- აცხადებს ექსპერტი.
ხუხაშვილის თქმით, საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ქვეყანაში არც ეპიდსიტუაცია გაუარესდეს და მთავრობამაც ვერ შეძლოს უფლებების სათავისოდ გამოყენება.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობა კიდევ გახანგრძლივდა და საბოლოოდ, 22 მაისს გაუქმდა. სწორედ 22 მაისს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცეს, რითიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად ოპოზციის დიდი წინააღმდეგობისა, მან აღნიშნულ ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირა, ოღონდ კონკრეტული დათქმის პირობით. კერძოდ, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე მიენიჭა და ოპოზიცია ამ ვადის განახგრძლივებას მხარს აღარ დაუჭერდა. ხოლო, 22 მაისის შემდეგ რა მიმართულებით გამოიყენა მთავრობამ მინიჭებული უფლებამოსილება და რა შედეგი გამოიღო ბერკეტების მის ხელში გადაცემამ, არც ამის ანგარიში წარუდგენია…
თათია შაიშმელაშვილი