საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
თუმცა, გახარია აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეზღუდვების ნაწილი ძალაში დარჩება.
„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდეგ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით.
დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისადმე გახანგრძლივდა.