“ოთხი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ სადღაც მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში. აი ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი არ მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ აი იქ არის, ჩვენ მოვკალით, ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა. წარმოგიდგენიათ რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ სიტყვაზე ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას.”
დეკანოზი თამაზ ლომიძე – მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრი
ამის შესახებ დეკანოზმა ქადაგებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.