19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირის ვინაობა ხდება ცნობილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, როგორც “მეორე მანქანის” მძღოლი. ინფორმაციას ამის შესახებ Report.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირი დავით კიპაროიძეა. რომლის ჩვენებითაც ირკვევა, რომ ის მაგისტრალზე დაახლოებით ღამის 01:00 საათზე იმყოფებოდა და მას მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა.
“იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი.
დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა, თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მანქანაში.
მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ.
თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო.
როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან”, – აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი.
ცნობისთვის, საუბარია იმ ავტომობილზე, რომელიც ე.წ. ფერად შენობასთან ჩერდება და რომლის შესახებ გადაცემა პოლიტმეტრში გასული კადრების შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.