ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

რას უკავშირდება არჩეული მერების გადადგომის ტალღა – იძულება თუ კეთილი ნება?

დღეს ხარაგაულის მუციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვებას გეგმავს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.

ჩნდება კითხვა, რას უკავშირდება მუნიციპალიტეტის მერების ერთგვარი ტალღური გადადგომა – საქმე გვაქვს კეთილ ნებასთან თუ იძულებასთან, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო დღის წესრიგიდან მომდინარეობს? არის თუ არა დაკავშირებული მერების გადადგომის პროცესი არჩევნებთან?

შეიძლება ითქვას, მუნიციპალიტეტების არჩეული მერების გადადგომას გარკვეული ტალღურობა ახასიათებს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს –  2020 წლის 11 მარტს თანამდებობიდან კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა, 1 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, 8 აპრილს კი – დაკავებული პოსტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დატოვა.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ თვეებშიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობიდან გაურკვეველი მიზეზით წავიდა.

აღსანიშნავია, რომ რომ ყველა ზემო აღნიშნულ გადადგომას ერთი მახასიათებელი აერთიანებს – თანამდებობა თითოეულმა მერმა საკუთარი ნებით დატოვა ისე,  რომ საზოგადოებას არ აუხსნა გადადგომის მოტივი. მათი ბუნდოვანი მიზეზით გადადგომა აჩენს ეჭვს, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართებიან, რაც განსაკუთებით წინასაარჩევნო პერიოდში ვლინდება.

ექსპერტები თვლიან, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს წინასაარჩევნოდ “ჩამოიშოროს” ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი სანდოობითა და პოპულარობით ვერ სარგებლობენ, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფენ არჩევნებზე მმართველი პარტიის წარმატებას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ამასთან, ოპოზიციასა და მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ არჩეული მერების მიერ თანამდებობის დატოვება არა მათ კეთილ ნებას, არამედ პარტიულ დაპირისპირებასა და სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება. საინტერესოა,  ხდება თუ არა მერების დაბალი რეიტინგი მმართველი პარტიის მიერ მათთვის ვერდიქტის გამოტანის საფუძველი?

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში შიდა კვლევებს ატარებენ და როგორც ჩანს,  ამ კვლევების შედეგები აწ უკვე გადამდგარი მერებისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. „მეტრონომთან“ ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნული მმართველობა საქართველოში უკვე “ჩრდილშია გასული.”

“მერების გადადგომა, დიდი ალბათობით, არჩევნებს უკავშირდება. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” შიდა კვლევები ჩატარდა. მოგეხსენებათ, საარჩევნოდ მმართველ პარტიას ადგილებზე სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლები  ნდობით სარგებლობენ. როგორც ჩანს, ამ კვლევის შედეგები გადამდგარი მერებისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. ეს შეიძლება ვიღაცამ გამოიყენა პოლიტიკური ინტრიგისთვის და მიღებულ იქნა საკადრო გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, ჩვენ არამარტო ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს, არამედ ეს ერთპიროვნული  მმართელობაც უკვე ფორმალიზებული, ჩრდილშია გასულია. თუ ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩეველში ნეგატიურ განწყობებს იწვევს,  შეიცვლებიან შედარებით ცოდვებით ნაკლებად დამძიმებული ადამიანებით, ეს გარკვეულწილად “ქართულ ოცნებას” დაეხმარება,” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრსას გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მერების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშიც კი ვიხილოთ. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები თანამდებობებს ახსნა-განმარტებების გარეშე ტოვებენ იმის გამო, რომ მმართველ პარტიას აქვს კომპრომატები, რომელიც მათ კორუფციაში მონაწილეობას ადასტურებს.

“შეიძლება მერების ნაწილი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მეეჭვება, რომ “ოცნების” სიაში მოხვდნენ შედარებით მცირე მუნიციპალიტეტის მერები. შესაძლოა,  ათავისუფლებენ იმ მერებს, რომელთა მიმართაცსაზოგადოებრივი აზრი ძალიან ცუდია, ანუ ისინი იმდენად არაპოპულარულები არიან,  რომ “ოცნება” იძულებული გახდა ისინი “მოეშორებინა”. რაც შეეხება მიზეზებს, ზოგადად, კორუფცია იქცა სახელმწიფო მოხელეების მართვის ფორმად. “ოცნების” ლიდერშიპი სახელმწიფო მოხელეებს მართავს კომპრომატებით. ისინი ამიტომაც მიდიან ასე ჩუმად და უსახურად,” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ლაგაზიძემ.

წინასაარჩევნო პერიოდში, არჩეული მერების გადადგომის ტენდენციაზე კომენტარი ვთხოვეთ თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს. მისი თქმით, კოლეგების გადაწყვეტილებებზე საუბრის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემს და უმჯობესია, მათ თავად გააკეთონ ახსნა-განმარტებები.

“არ ვიცი როგორ ატარებენ საარჩენო კამპანიას. შეიძლება მათგან ვიღაცამ კენჭი იყაროს, ვიღაც შეიძლება შტაბის უფროსად მოგვევლინოს. არ ვიცი, ზეწოლას და ზეგავლენას თუ აქვს ადგილი“. – განაცხადა „მეტრონომთან“ მეჭიაურმა.

მუნიციპალიტეტის მერების გადადგომის ფაქტები კითხვებს უჩენს არასამთავრობო ოგანიზაციებსაც. “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) შეფასებით,  არჩევითი თანამდებობების პირების გაუგებარი მიზეზით გადადგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს თანამდებობიდან გადამდგარ მერებს საჯაროდ განმარტონ გადადგომის მიზეზები.

ნათია ალავიძე

 

იტვირთბა....