19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ახალ დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბრობს. მისი თქმით, საქმეში ახალი პირი ჩნდება, რომელიც რეკავს ავთანდილ ბილანიშვილთან, რომელიც შემდეგ ბერა ივანიშვილთან ახორციელებს ზარს. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.
“კლავენ შაქარაშვილს, არაერთგზის დაზიანებებით. შემდეგ ეს ადამიანები სთხოვენ დახმარებას დაჩი ბუაძეს – აქ ახალი სახელი და გვარი ჩნდება, რომელიც არის ნახალოვკელი “კაწროს” მეგობარ-ხელქვეით-ავტორიტეტი. ორი რაგბისტი, – ნიკა ჟვანია და არჩილ გაგნიძე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი არიან დაჩი ბუაძის მეგობრები, შესაბამისად “კაწროს” მეგობრები.
ბუაძე ურეკავს “კაწროს” და ეუბნება, რომ ცუდი ამბავი დაემართა. ამის მერე “კაწრო” ახორციელებს ზარს ბერა ივანიშვილთან და ეუბნება, რომ ცუდი რაღაც დაემართათ. რეკავს თუ არა ბერა ივანიშვილი პოლიციაში, ამას ვერ დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეში ერთვებიან მაღალჩინოსნები, კერძოდ კუპატაძე, რომელიც ურეკავს მცხეთის პატრულის უფროსს ვასო პეტრიაშვილს და ეუბნება, რომ პატრულის გამოძახება მაქსიმალურად გაიწელოს, რადგან იქ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.