19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “მეტრონომთან” საუბრისას თქვა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას შინაგან საქმეთა სამინისტოში ბრიფინგზე გაასაჯაროებს და ამის შემდეგ შეფასებას თავად გააკეთებს.
“ბრიფინგს მოაწყობს შსს და მერე მოგცემთ ინტერვიუს ყველას. ვერანაირ ინტერვიუს ვერ მოგცემთ, სანამ შსს ინფორმაციას არ გაავრცელებს” – გვითხრა გეჯაძემ.
ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაური. მისი თქმით, გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა.
„ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით“ – ამბობს გელხაური.
ცნობისათვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.