„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, საქართველოსთვის საგანგაშო პოლიტიკური აქტია. მისივე თქმით, ამ დოკუმენტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ „ქართულ ოცნებაში“ განგაშის ზარები უნდა შემოკრან. ეს უკვე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ამ რამდენიმე პუნქტში არის მე-5 პუნქტი, რაც ეხება ოლიგარქიულ მმართველობას. ის აზრი, რაც აქამდეც იყო ჩამოყალიბებული და ძალიან გავრცელებული ვაშინგტონში, რომ ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა, ანუ როცა რეალური ძალაუფლება არის პირის ხელში, რომელიც არ იკავებს არც ერთ ფორმალურ თანამდებობას, არის ცუდი, უკვე არამხოლოდ გავრცელებული აზრია, არამედ არის საკანონდებლო დონეზე, ქაღალდზე ჩამოყალიბებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავრობას საკუთარი თავიც და ქვეყანაც სასაცილო და ტრაგიკომიკურ ვითარებაში ჩაუგდია არაკომპეტენტურობით, აგდებული დამოკიდებულებით და შეთქმულების თეორიების ძიებით. მითუმეტეს, ჩვენ მოკავშირეებთან და იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ხმალამოღებული იბრძოდნენ და ასეთები არიან სწორედ ის ფიგურები, რომლებიც აკრიტიკებენ ივანიშვილს შეერთებული შტატების კონგრესში“ – განაცხადა კანდელაკმა.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დახმარების 15% საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.