ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ტოიოტასა“ და „მერსედესის“ გარდა, კიდევ რა მანქანა მიდის შემთხვევის ადგილზე – დეტალები შაქარაშვილის საქმეზე

ტელეკომპანია “ფორმულა” გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს. არაგვის ხიდთან განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში „ტოიოტას“ და „მერსედესის“ გარდა, სხვა ავტომობილიც ჩანს. ავტომობილი 01:00 საათზე იმ ფერად შენობასთან ჩერდება, რომელთანაც „ტოიოტა“ დგას და 5 წუთის განმავლობაში ადგილზე რჩება.

ამ გარემოებასთან დაკავშირებით „პოლიტმეტრის“ კითხვას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ უპასუხა. მისი ინფორმაციით, ზემოხსენებული ავტომანქანა თბილისი-ჭიათურის მიკროავტობუსი იყო. ნიკოლაძის თქმით, ავტომანქანის მძღოლის ვინაობა თავიდანვე დადგინდა და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარდა. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.

„ეს მანქანა გახლავთ თბილისი-ჭიათურის მარშუტკა, რომელიც გაჩერდა იმავე ადგილას, სადაც იყო „ტოიოტა ქამრი“. დადგენილი მძღოლი, დადგენილია ავტომანქანა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. რამდენადაც ვიცი, მალე ამოიწურება ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები. რაც შეეხება გაჩერების მიზეზს, არ ვიცი მგზავრი ჩამოსვა, თვითონ მძღოლს ჰქონდა პრობლემა თუ რა იყო, ეს მე არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს იყო თბილისი-ჭიათურის მარშუტკა. რას აკეთებდა ეს ავტომანქანა 5 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვისთან იყო კონტაქტში, როგორ და რანაირად, ეს საგამოძიებო მასალებში იქნება და იმედია შსს ამას გაასაჯაროვებს და აღარ დარჩება რაიმე კითხვა“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ამ საქმეზე დაკავებულია 17 პირი და მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....