გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს დახმარებას სიმართლის დადგენაში და არა “სკანდალების გამოგონებაში.”
როგორც ნიკოლაძე აცხადებს, გიორგის დედა მას მეორეჯერ დაუკავშირდა.
“ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: „რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგებლობის გამოო“, რა ვუპასუხო?!),” – წერს ნიკოლაძე.
ნიკოლაძემ ასევე, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ და დაზარალებულად ცნობილ პირებს მიმართა, რომ გამოიყენონ ბოლო შანსი და თქვან სიმართლე.
აღნიშნული განცხადება ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.