ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამერიკიდან წამოსულ სერიოზულ სიგნალს ხელისუფლების ადგილზე არ შევხედავდი მშვიდად” – ეკა ბესელია

ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. ბესელიას შეფასებით, ეს პარტნიორი ქვეყნის მხრიდან სერიოზული სიგნალია, რომლითაც შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული განწყობის გამოხატულება მოიაზრებოდეს. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ერთ-ერთი კომიტეტის მიერ არის მომზადებული და ჯერ პროექტია, არ ვისურვებდი, რომ ის კანონად იქცეს და დამტკიცდეს, რადგან ეს რეალურად, ქვეყნისთვის პირველი ღია სანქციიის დაწესება იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება ის აღქმული, როდესაც ამ გადაწყვეტილებით შეიძლება სწორედ მოიაზრებოდეს ის უნდობლობა, ნიჰილიზმი თუ იმედგაცრუება, რაც ბოლო პერიოდის არადემოკრატიულმა პროცესებმა გამოიწვია.

ამიტომ, ხელისუფლების ადგილას არ შევხედავდი ამ პროცესს მშვიდად და ასე გულარხეინად არ გავაკეთებდი კომენტარებს, რადგან უნდა დაფიქრდნენ, რამდენად სერიოზული სიგნალია მსგავსი მიდგომა, როდესაც წლიდან წლამდე პირიქით იზრდებოდა საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან და ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატებოდა, ” – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

 

იტვირთბა....