“მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამის მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ზე” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის კიდურის მოტეხილობაც.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.